Search This Blog

Monday, June 4, 2012

ჰიპსტერები


გსმენიათ რამე ბოჰემური ცხოვრების მოყვარულ ახალგაზრდებზე, აუტისტ ინტელექტუალებზე, რომლებიც, იმის მიუხედავად, აწუხებთ თუ არა მიოპია, სქელშუშიანი სათვალით დადიან, მხოლოდ ელიტარული დასავლური კულტურით ინტერესდებიან, იაფფასიან ლუდს მიირთმევენ, დისტროფიით იტანჯებიან (თუმცა ამას არ აღიარებენ) და Pitchfork-ის მედიას ეჯაჭვებიან, როდესაც საქმე მუსიკის მოსმენაზე მიდგება?  კაცმა რომ თქვას, ეს ახალგაზრდები არაფერს აშავებენ, თუ არ ჩავთვლით კოკაინის ზომიერ და არტ-
ფილმების ცოტა არ იყოს გადამეტებულ სიყვარულს და ხანდახან საკუთარი სტილის შეგრძნებაც იმდენად ღალატობთ, რომ მეტროსექსუალებს ემსგავსებიან. მაგრამ ასეთი უწყინარობის მიუხედავად, ნიუ იორკული Time Out ვრცელ წერილს აქვეყნებს სათაურით „რატომ უნდა დაიხოცნონ ჰიპსტერები“, ხოლო ჟურნალი Adbusters იმასაც კი ამტკიცებს, თითქოს მათ არსებობას დასავლური ცივილიზაცია ჩიხში შეჰყავს.
ჰიპსტერი, როგორც ჟარგონული ტერმინი, შეერთებულ შტატებში 1940-იან წლებში გაჩნდა. ეს სიტყვა თავდაპირველად ჯაზის მოყვარულთა წრეში ჩამოყალიბებულ სუბკულტურას უკავშირდებოდა – საშუალო კლასის ოჯახებიდან გამოსულ ახალგაზრდებს, რომლებიც მათი კერპების, შავკანიანი მუსიკოსების ცხოვრების სტილისთვის მიბაძვას ცდილობდნენ, შემდეგ კი ზოგადად ბიტნიკებს, რომლებიც ასოციალური ქცევით გამოირჩეოდნენ და ერის საერთო ღირებულებებს არ იზიარებდნენ. კერუაკი ჰიპსტერებს ორ კატეგორიად ჰყოფდა – ფლეგმატურ ტიპებად და ქოლერიკებად და ამბობდა, რომ შემოქმედი ბიტნიკების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ ემოციურ-ქოლერიკული ტიპის ჰიპსტერებს მიეკუთვნებოდა. როგორც არ უნდა იყოს, ბიტნიკი შემდგომში ჰიპი გახდა, ჰიპსტერული კულტურა კი დასამარდა. საუკუნის მიწურულს მან თითქოს კვლავ განიცადა რეინკარნაცია, თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს სრულიად ახალი სუბკულტურის დასაწყისი იყო
გვიანი 90-იანების ერთ მშვენიერ დღეს, ინდი-ბავშვების ახალმა თაობამ უცნაურ განწყობაზე გაიღვიძა. eUniverce-ის თანამშრომლებს Myspace-ის შექმნის იდეა ჯერ არ გასჩენოდათ. სიმართლე რომ ვთქვათ, თავად eUniverce-ის ჩამოყალიბების საკითხიც არ იდგა დღის წესრიგში. ეს ახალგაზრდებიც ვერაფრით ერთობოდნენ – თუ ჰოლივუდის ფილმების ცქერას არ ჩავთვლით, რომლებიც სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ერთმანეთს. ინდი-ბავშვებმა გაიფიქრეს, რა ამაო გამოდგა სამყაროს შესაცვლელად ჰიპების და გრანჟერების ბრძოლა, უმეტესობამ ხომ საბოლოოდ მოსაწყენ კოსტიუმებში გამოწყობილმა მაინც დახუთულ ოფისებში ამოჰყო თავიო და ისე შეშინდნენ, რომ მათმა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფმა კაპიტალისტურმა ტვინმა დეფორმაცია განიცადა და მემარცხენე-ლიბერალური აზროვნების მექანიზმად გადაიქცა. ასე დაიწყო მოძრაობა, რომელმაც მთავარ მიზნად შრომისგან გათავისუფლება და მეინსტრიმის წინააღმდეგ ბრძოლა დაისახა.  >> ვრცლად

2 comments: